დიდი ვარდნაა უძრავი ქონების გაყიდვებში – მოთხოვნა პრაქტიკულად, გაჩერებულია – მარიამ სურგულაძე

„დიდი ვარდნაა უძრავია ქონების გაყიდვებში – მოთხოვნა პრაქტიკულად გაჩერებულია“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „რე/მაქს რეალთი პარკის“ მმართველმა პარტნიორმა, მარიამ სურგულაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, იგივე, პოლიტიკური რყევები, სწრაფად ისახება უძრავი ქონების სექტორზე, რადგან მოსახლეობა გადართულია ბევრად მნიშვნელოვან პრობლემებზე. საერთაშორისო მომხმარებლები კი, უფრო სტაბილურ გარემოს ამჯობინებენ.

“უძრავი ქონება არის ძალიან ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ძალიან მარტივად რეაგირებს და მგრძნობიარეა ნებისმიერი გამღიზიანებლის მიმართ. შესაბამისად, ასეთი სიტუაციის მიმართ, რაც დღეს არის, იგივე პოლიტიკური რყევები, პირდაპირ ნეგატიურ ასახვას პოვებს უძრავი ქონების სექტორზე, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ბიზნესზე. ეს ბუნებრივიც არის, რადგან სრულიად მოსახლეობა გადართულია ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე, როგორიც ჩვენი ქვეყნის მომავალია. აქედან გამომდინარე, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრი, რომ შეიძინო უძრავი ქონება ან გააუმჯობესო შენი ყოფითი პრობლემები, ალბათ, ასეთ დროს ცოტა უხერხულიც არის და უკანა პლანზე გადადის.

ყველაზე დიდი ნეგატიური გავლენა ის არის, რომ მოთხოვნა იკლებს. პროცენტულად თქმა გამიჭირდება, თუმცა, საგრძნობლად დიდი ვარდნაა უძრავია ქონების გაყიდვებში. მეტიც, მოთხოვნა პრაქტიკულად, გაჩერებულია. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს, რადგან 21-ე საუკუნეში ვართ, გახსნილია ინტერნეტ საზღვრები, ამიტომ დაინტერესებულ პირებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია ძალიან მარტივად მიეწოდება. შედეგად, საერთაშორისო მომხმარებელიც უფრო სტაბილურ გარემოს ამჯობინებს. ეს ეხება ინვესტორებსაც, რომლებიც ამ პერიოდში, სამშენებლო სფეროში ინვესტიციების ჩადებისგან თავს უკავებენ“,- განაცხადა მარიამ სურგულაძემ.

კითხვაზე, მოთხოვნის კლებამ გავლენა იქონია თუ არა უძრავი ქონების ფასზე, „რე/მაქს რეალთი პარკის“ მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ღირებულებაზე ჯერ არ ასახულა.

შეგახსენებთ, რომ უკვე 28 დღეა არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები